სურსათის სააგენტოს განცხადებით სკოლაში ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი იყიდებოდა

18 ოქტომბერი 2023, 21:23 531 ნახვა

ნამცხვარ "დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა - განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ნამცხვრით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდმა საკვებისმიერი ინტოქსიკაცია მიიღო. სკოლის ბუფეტიდან ამოღებული სურსათის ნიმუშები გადაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მოკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით. შედეგების შესახებ სააგენტო დამატებით აცნობებს საზოგადოებას," - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში