ჩაქვში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა გამოსახლების პროცესი დაიწყეს

03 ნოემბერი 2023, 12:22 1759 ნახვა

დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა, გორგილაძეების 10-წევრიანი ოჯახის, გამოსახლების პროცესი დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველებიც.

უფლებადამცველის განცხადებით, აღსრულების პოლიციამ საცხოვრებელ სახლში, ძალის გამოყენებით შეაღწია, ოჯახის ყველა წევრი სახლიდან გაიყვანა და ავეჯის გატანა დაიწყო.

გორგილაძეების მხარდასაჭერად  უფლებადამცველები და ოჯახის ახლობლები იმყოფებიან, რომლებმაც რამდენიმე წუთით ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრი გამოსახლების პროცესის დროს ცუდად გახდა, რის გამოც  სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.

როგორც გორგილაძეები ამბობენ, მათთვის ეს უკვე მე-3 გამოსახლებაა. სახლის მეპატრონის განმარტებით, 2012 წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "აი ემ ჯი"-დან 25 ათასი დოლარი გამოიტანა, რისი გადახდაც ვეღარ შეძლო. შემდგომ კი, მათ ახლობელ აზერბაიჯანელ მეგობარს სთხოვა დახმარება, რომელმაც თაღლითური სქემის დახმარებით, მოტყუებით გადაიფორმა საცხოვრებელი.

უფლებადამცველ, თამაზ ბაკურიძის განცხადებით, წინა და მოქმედი ხელისუფლების დაპირება იყო დაბალპროცენტიან სესხები და საბანკო პოლიტიკის შეცვლა. მისივე განმარტებით, თუ კანონი არ შეიცვალა მოქალაქეების გამოსახლების პროცესი შეუქცევადი გახდება.

ბაკურიძის თქმით, ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოსასახლებელთა სიაში დაახლოებით 200 ოჯახია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში