“ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა” - ს.კ “საბურთალო”

04 დეკემბერი 2023, 17:57 562 ნახვა

სოციალურ ქსელ “ტიკტოკში” საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” გავრცელებულ ვიდეოს , სადაც შემდეგი ტექსტი იყო “აჭარა აჭარლებს , თასი თბილისში რჩება” დიდი გამოხმაურება მოყვა. ამ თემასთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის თუ გულშემატკივრისთვის ეს მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა.

“რადგან ფინალამდე გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება.

პირველ რიგში, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს. ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა.

საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია.

ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე! “ - წერია საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი 6 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება ,სადაც ტიტულისთვის “დინამო” ბათუმი და თბილისის “საბურთალო” იბრძოლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში