არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას, ვინმეს თუ პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს - ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2024, 14:30 226 ნახვა

არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას, ვინმეს თუ პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს, არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს პოზიცია, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა და „ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე“.

„ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითიდღე ირღვევა და არავინ იცის, ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, 200 მილიარდი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა დამატებით, ამერიკიდან 50 თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება...

 

კარგად ვიცით, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.

 

გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის ომს ვგულისხმობ, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ფეთქებადსაშიშია. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. საუბრობენ, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე, რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ვინმეს თუ რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში