გუშინ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან პარლამენტის შენობის პიკეტირება მოხდა - პაპუაშვილი

01 მაისი 2024, 12:48 256 ნახვა

გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში. პროტესტის გამოხატვა თუ გსურთ, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ლევან ხაბეიშვილისთვის მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ყველაფერზე სამართლებრივ დასკვნებს გამოიტანს გამოძიება.

"რაც შეეხება ჩვენს კოლეგას, ლევან ხაბეიშვილს, მან გუშინ მიიღო დაზიანებები. იცით, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ იქნა გადაზრდილი ძალადობაში. ამასთან დაკავშირებით დღეს მოისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, როგორი ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა გუშინ აქციას. გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში. ეს არის უკანონო აქტი. თუ გსურთ პროტესტის გამოხატვა, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმები. თქვენი პროტესტი მშვიდობიან ფორმებს როცა გაცდება, შსს არის ვალდებული, ჩაერიოს. აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყო წესრიგის აღდგენა. რაც შეეხება ბატონ ლევანს, ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა და როგორ მოხდა, ამაზე გამოძიებაც იქნება და ლევან ხაბეიშვილსაც ექნება საშუალება, საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ისაუბროს. ყველაფერი გადაღებულია, ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რა მოხდა, ყველა თავის დასკვნას გამოიტანს, სამართლებრივ დასკვნებს კი გამოიტანს გამოძიება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, ადგილიდან ყვირილისგან თავი შეიკავონ და კორექტული იყვნენ.

„თქვენი ეს რეაქციებიც აჩვენებს, რომ ადეკვატური რეაგირება არ შეგიძლიათ არაფერზე. ასევე, გთხოვთ, დღეს განხილვის პროცესში ყველა იყოთ კონსტრუქციული. გუშინ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან იყო მუქარა მანდატურების მიმართ, სპრეის მოგასხამთო და ასე შემდეგ. ამიტომ, ყველა იყავით კორექტული, ნუ ყვირით ადგილიდან. მოგცემთ გაფრთხილებას, არ დაემორჩილებით წესებს, დაგატოვებინებთ დარბაზს. იყავით რეგლამენტის ფარგლებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში