26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს

31 აგვისტო 2024, 14:11 310 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა.

„თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ საბუთები მატერიალური სახით წარმოედგინათ ცესკოში 28-29 აგვისტოს, 18:00 საათის ჩათვლით, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტთა უმრავლესობამ ისარგებლა ცესკოს ამ სერვისით და რეგისტრაციისთვის სწორედ ელექტრონული პლატფორმა გამოიყენა.

 

ცესკოს მიერ გამოცხადებულ 219 ვაკანტურ ადგილზე სულ 264 განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან ერთმა კონკურსანტმა ვერ გამოასწორა ხარვეზი და შესაბამისად კონკურსში მონაწილეობას იღებს 263 პირი.

 

41 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა სულ 3-3 განაცხადი;

 

23 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 4-4 განაცხადი;

 

7 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 5-5 განაცხადი;

 

2 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 7-7 განაცხადი;

 

კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 263 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 135-მა კონკურსანტმა, მათგან 71-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება 30 აგვისტოს დილის 10:30 საათიდან 21:30 საათამდე მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ამ შესაძლებლობით ცესკოს 13-მა წევრმა ისარგებლა. ასევე ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ლაივ რეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე.

 

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი“, - აღნიშნა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში