ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ეუთოს სამდივნოსა და კიდევ თორმეტ საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციას საიამ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ ბოლო პერიდოში საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების მიღება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისის ფონზე ხდება.
საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა„ და „გრანტების შესახებ“ კანონებში შეტანილ ცვლილებებზე. კომუნიკაციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მაგალითად გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქართულ ოცნებას შესაძლებლობას აძლევს დევნის ინსტრუმენტად გამოიყენოს.
„გრანტების შესახებ“ კანონი კი, დამატებითი მექანიზმია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მშვიდობიან პროტესტს და გამოხატვის თავისუფლებას სხვადასხვა რეპრესიული მეთოდით ებრძვის, მათ შორის, ბოროტად იყენებს საკანონდებლო უფლებამოსილებებს, ცდილობს მაღალი ჯარიმებით დასაჯოს პროტესტის მონაწილეები, ახდენს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციას.
კომუნიკაცია ადრესატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ქართულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას.