ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს. „მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ გამოგიგზავნოთ ჩვენი ყველაზე გულთბილი მილოცვა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას.“- წერს მეფე ჩარლზი მისალოც წერილში.
26 მაისს ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ულოცავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც ტექსტშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერიც. მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული წერილით ულოცავს ქართველ ხალხს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი.იგი წერს,რომ თავისუფლების, დემოკრატიის დაცვა ყოველთვის აუცილებელია.
ეროვნულ დღეს ულოცავს საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მილოცვას აზერბაიჯანის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ულოცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევი სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ წერილში.
საქართველოს ეროვნულ დღეს ულოცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნულია მილოცვაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. სომხეთის საგარეო უწყება მისალოც წერილს სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს, სადაც მილოცვასთან ერთად, ხაზგასმულია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა.
ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ იდექით ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის. თქვენი ხმა ისმის და ის შთააგონებს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო!”, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელში.
„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას ქართველ ხალხს თავიანთი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად“, – წერს მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო მილოცვის წერილში.