მისასალმებელია ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით - ლევან მაჭავარიანი

05 ივლისი 2025, 14:00 100 ნახვა

სასიამოვნო და ძალიან მისასალმებელია საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, თუ ისინი შეთავაზებას დათანხმდებიან, ექნებათ საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, რა რეიტინგით სარგებლობენ.

„ეს დაკავებული ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციულად არღვევენ კანონს და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თანახმა არიან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ისინი მიმართავენ პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი მათ შეიწყალებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დააკავა ინისი იქიდან გამომდინარე, რომ მათ რაღაც მაღალი რეიტინგი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მათ კანონი დაარღვიეს, თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაინც გაუთავებელი საუბრები მიმდინარეობს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ეს აბსურდია. შესაბამისად, ეს ინიციატივაც ემსახურება იმას, რომ ყველანაირი სპეკულაცია მოიხსნას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

 

ბურთი ახლა არის ოპოზიციის მოედანზე, თუ ისინი ამ შეთავაზებას დათანხმდებიან, ექნებათ საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. ხოლო თუ არ დათანხმდებიან, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს, შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ეშინიათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, წინასწარ იციან, რა შედეგსაც მიიღებენ. შემდეგ ამ შედეგის „გაპრავება“ უნდათ იმით, რომ, აი, ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიყავით და სრულფასოვნად საარჩევნო კამპანია ვერ ჩავატარეთ და მივიღეთ დაბალი შედეგი. ნებისმიერ ვარიანტში, ჩვენ უნდა დაველოდოთ პასუხს. ძალიან კარგი იქნება, თუ სრულფასოვნად ჩაერთვებიან ამ არჩევნებში, რადგან კიდევ ერთხელ მოხდეს მათი რეიტინგის ლუსტრირება. 2024 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრეტენზია რომ აქვთ, თითქოს ვიღაცამ რაღაც გაუყალბათ და ფიზიკურად ერთი მტკიცებულება ვერ ნახა ვერც ერთმა პარტიამ, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შეთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, რა რეიტინგით სარგებლობენ დღეს საქართველოში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში