ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები იქნება. მხარეები განიხილავენ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს.
ირაკლი ანთაძის განმარტებით, წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადგილი ჰქონდა ე.წ. ბორდერიზაციის 11 ფაქტს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ძელები და მავთულხლართები განაახლეს, ასევე მოხდა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაკეთება. ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.