სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო

18 აგვისტო 2025, 17:26 146 ნახვა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, პროგრამა ამ ეტაპზე აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს.

"ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია, დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში. ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. მათივე ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.

პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში