არსებული ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის - პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებენ

09 სექტემბერი 2025, 11:49 271 ნახვა

გიორგი გახარიას პარტიის რვა წევრმა შესაძლოა, პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს.

არსებული ინფორმაციით, გახარიას პარტიის რვა წევრმა, რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტში შესვლის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს.

ესენი არიან: თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, გიგა ფარულავა, გიორგი შარაშიძე, მალხაზ თორია, გელა აბულაძე, სალომე კობალაძე და სოფიო ხორგუანი.

„ჩვენს კომიტეტს დაეწერა განცხადებები ამ პირთა მხრიდან, ვინც შესაბამისობის კრიტერიუმის დაცვას ახდენენ. ანუ, იმ თანამდებობებზე ამბობენ უარს, რომლებიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობასთან და ასე შემდეგ. მათი მხრიდან მიმდინარეობს დოკუმენტალური მომზადების პროცესი, რათა შემობრძანდნენ პარლამენტში. გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს. ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არშემოსვლა იყო“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი შარაშიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას. პარტიაში აცხადებენ, რომ რჩებიან პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში.  როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.  

პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა გავრცელებულ ინფორმაციას ბინძურ პროპაგანდას უწოდებს. წერს, რომ მათ მათ  პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში.

"ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა, როცა შეუთავსებელი თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ მანდატები არ დაიკარგოს…..ზუსტად ასე იყო თანამდებობრივი დეკლარაციების შევსების ნაწილშიც. ნუ აჰყვებით “იმედის” ცრუ პროპაგანდას"- წერს ბერდია სიჭინავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი