ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში, სამწუხაროა, როცა ქართველი კარგავს სახეს - პრემიერი

11 სექტემბერი 2025, 11:52 147 ნახვა

ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში. სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ტრაგიკული მოვლენაა, როცა ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს.

„ჯო ვილსონს რაც შეეხება, ის, პირველ რიგში, არის „დიფ სთეითის“ აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში, ისიც არის, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ აგენტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი. ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა „მეგობარი აქტი“, რომელიც სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ სუფთა ფურცლიდან გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობები.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ამის იმედს ვიტოვებთ. დანარჩენი დამოკიდებული თვითონ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავად ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.

"რაც შეეხება ჩინეთს, პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია. თვითონ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ის განცხადებები, რასაც აკეთებენ როგორც ქართული, ასევე „დიფ სთეითის“ კონკრეტული აგენტები“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი