ირაკლი კობახიძე თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა

21 ოქტომბერი 2025, 11:45 122 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჯანდაცვის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, ისე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით.

ხაზი გაესვა თურქეთის კლინიკებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარტნიორობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე