საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„გიორგი მოდებაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისაგან, რომელთაგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამ მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე