ბათუმში შუქნიშნების ნაწილი ჩაქრა

25 მაისი 2018, 00:00 2678 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში, ქვეითად მოსიარულეთა შუქნიშანი რამდენიმე თვეა არ მუშაობს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია შუქნიშანი პერიოდულად ირთვება, თუმცა მალევე მწყობრიდან გამოდის. 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაზიანებულ შუქნიშნებზე მასალა გასულ წელსაც მოამზადა. 2017 წლის ოქტომბერში, გზაზე მოძრაობის მარეგულირებელ ნიშანზე მხოლოდ წითელი ფერი ენთო. მაშინ გაუმართავობის მიზეზად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასახელდა. 

ფაქტიდან დაახლოებით 7 თვე გავიდა. შუქნიშნის ის ბლოკი კი, რომელიც ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას არეგულირებს, ისევ არ მუშაობს. 

''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ, უახლოეს პერიოდში სიტუაციას კიდევ ერთხელ შეისწავლიან და დასკვნის საფუძველზე იმოქმედებენ.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ შუქნიშნის შეკეთებას  მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ შუქნიშნები ქალაქის სხვა უბნებშიც გაუმართავია, მაგალითად პრობლემა იყო თამარის დასახლებაში. ეს დისკომფორტს უქმნის, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე მძღოლებს. 

აღმაშენებლის ქუჩაზე შუქნიშანი ჩართულია, თუმცა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ე.წ. ზებრა გადასასვლელი ჯერ არ დაუხაზავთ.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის მაშტაბით ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებს, ასევე გზაგამყოფებსა და პარკირების ადგილებს ხაზავენ.

სულხან ევგენიძის თქმით, უახლოეს პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთსაც მალე მოაწესრიგებენ. აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, კომპანიას კი ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების დახაზვის ვალდებულება არ ჰქონია. 

 

ამავე კატეგორიაში