ბოლო წუთამდე ავტომობილის დამორჩილებას ცდილობდა - გაუჩინარებული მალხაზ ჯაფარიძის ახლობელი

05 ოქტომბერი 2020, 15:50 33502 ნახვა

მე-5 დღეა მაშველები მდინარე ,,მეჯინისწყალში“ დაკარგულ მალხაზ ჯაფარიძეს უშედეგოდ ეძებენ. სტიქიის დროს მანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა, მამუკა ჯაფარიძემ ავტომობილიდან გადმოხტომა მოასწრო.

მამუკა ჯაფარიძე დღეს 5 დღის წინ მომხდარის დეტალებს იხსენებს, ამბობს, რომ მალხაზ ჯაფარიძე ბოლო წუთამდე ავტომობილის დამორჩილებას ცდილობდა. ის კი უეცრად მოვარდნილ ღვარცოფს რკინის კონსტრუქციის დახმარებით გადაურჩა.

"წამში მოვარდა ძალიან დიდი წყალი. მე უკან ვიჯექი. მოვასწარი, მინა ჩავწიე და რკინის კონსტრუქციას ხელი მოვკიდე. მანქანიდან სწორედ მისი დახმარებით გადმოვედი. მანქანა წინ წავიდა, აქვე ახლოს მოატრიალა. ორი ბიჭი გამოვიდა იქვე, ვყვიროდი გადმოიყვანეთ და ამ დროს უეცრად დიდი წყალი მოვარდა და წყალმა წაიღო. არ დამინახავს მოასწრო თუ არა გადმოხტომა.

რასაც მე ვხედავდი ის ბოლო წუთამდე მანქანას ამუშავებდა, ავტომობილი ბუქსაობდა. ასეთი ადიდებული ეს მდინარე მე არასოდეს მახსოვს"- იხსენებს მამუკა ჯაფარიძე.

პირველ ოქტომბერს სოფელ ,,სატეხიაში“  უეცრად მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლს მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ავტომობილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში მდინარიდან ამოიყვანეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში