2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება 

30 ოქტომბერი 2020, 10:35 890 ნახვა

ევროკავშირი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება. შაბათს, 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.

ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან.

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ვროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად.

''ორ დღეზე ნაკლები გვაშორებს იმ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან მივლენ. გლობალურმა პანდემიამ არჩევნებისთვის  მზადების პროცესი განსაკუთრებით გაართულა. ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახადა.

ევროკავშირი თავიდანვე ჩართული იყო, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების ხელშეწყობაში, რომელმაც ახალი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყველა მონაწილეს უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზა. ჩვენ აგრეთვე მონაწილეობა მივიღეთ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიასაც.

ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით.

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ  უნდა აიღოს'' - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში