აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

04 თებერვალი 2021, 14:24 1418 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. იქვე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომასა და ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ასევე აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს შენობაში შესვლისა და გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

''ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ დავიშლებით. აქედან წასვლას არ ვაპირებთ. თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ მივცემთ. პიკეტირება, ბლოკირება - ვის რაც უნდა ის დაარქვას, ჩვენ ვაპირებთ არ მივცეთ მას თავისუფლად გადაადგილების უფლება. აქ ვერ შევა და ვერ გამოვა. სპეცნაზის გამოყენებით თუ შეიყვანენ და გამოიყვანენ არ ვიცი არ გვინდა, რომ თორნიკე რიჟვაძე იყოს ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენ არ აგვირჩევია თავმჯდომარედ.  ის მისიანებზე ზრუნავს, დანარჩენ საზოგადოებაზე არა. ამის უფლებას არ მივცემთ. ჩვენს ოჯახებს შიათ, ახლა სახლში აღარ წავალთ, აქ ვიქნებით და გავაპროტესტებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ'' - განაცხადა წულუკიძემ. 

მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. მოქალაქეებს მთავრობის შენობის უკანა კართან მისვლა სურდათ, პოლიციამ კი გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. 

''ჩვენ უნდა გვიცავდეთ, ჩვენს მხარეს უნდა იდგეთ და არა მაგ შენობას'' - უთხრა აქციის მონაწილემ სამართალდამცველს. 

პოლიციელები კი განმარტავენ, რომ ისინი წესრიგსა და კანონს იცავენ. 

აქცია მთავრობის სახლთან ამ წუთებშიც გრძელდება . ე.წ. თავისუფლების კვარტალში პროტესტი სამი თვეა მიმდინარეობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში