პროკურატურის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელევიზიაში შეჭრა იგეგმება სიცრუეა

11 მარტი 2021, 14:03 1150 ნახვა

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინება "ტვ პირველმა" ცოტა ხნის წინ  გაავრცელა.

გენერალური პროკურატურა "ტვ პირველისგან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს ''ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი.

"ტვ პირველის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია განჩინებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!" - წერს ინგა გრიგოლია.

ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა.

"9 მარტს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა ტვ პირველის ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება ტვ პირველიდან იმ ელექტრონული მასალების მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომლებიც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნული განჩინება ტელეკომპანიას შესასრულებლად გაეგზავნა 10 მარტს ფოსტის საშუალებით, გამოძების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება-მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საპროცედურო მოქმედებები.

რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ დღეს გაჟღერებულ პოზიციას, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, ხაზგასმით ვამბობ, რომ წარმოადგენს სასამართლო განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, აჭიანურებს გამოძიების პროცესს და დაგეგმილ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას.

განვმარტავ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიო ფაილი შეძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაზე,როგორიცაა ტელეფონი, ელექტრონული დისკი, კომპიუტერი, მყარი დისკი და ა.შ.

კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია ითანამშრომლებს პროკურატურასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში და იმედია მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიო ფაილებს, ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“,-განაცხადა ბაია ცანავამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში