ირაკლი კუკანიას მიმართ ადმინისტრაციული დევნა შეწყდა - ბათუმში დაკავებული აქტივისტების საქმე

19 აპრილი 2021, 13:04 1525 ნახვა

''გირჩის'' წევრის ირაკლი კუკანიას მიმართ ადმინისტრაციული დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. საქმე ეხება 3 აპრილს მომხდარ ინციდენტს. ირაკლი კუკანია იხსენებს, რომ მეგობრები ''კომენდანტის საათს'' აპროტესტებდნენ, რის გამოც ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბნენ, მოგვიანებით  ათობით პოლიციელი მივიდა და ისინი ობიექტზე ძალის გამოყენებით შევიდნენ. 

''გირჩის'' წევრის თქმით, მას გამოძიება ადმინისტრაციული სამართლის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავებოდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას გულისხმობს. 

''პოლიციელების მხრიდან კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ისინი კერძო საკუთრებაში განმარტების გარეშე შემოდიოდნენ. რაც შეეხება ხულიგნობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეს ვერ დადასტურდა, რადგან არ ყოფილა. სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დევნა შეწყდა'' - ამბობს კუკანია. 

როგორც ცნობილია 3 აპრილს, კუკანიამ ფიზიკური დაზიანება მიიღო. აღნიშნულ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს, რომელმაც უნდა დაადგინოს ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას. 

აღნიშნულ საქმეზე კიდევ ორი პირი იყო დაკავებული. გენრი დოლიძის მიმართ ადმინისტრაციული ​სამართალდარღვევა არ დადგინდა და მოსამართლემ ის უდანაშაულოდ სცნო, ხოლო გიგა ნაკაშიძე  გინებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.

3 აპრილს ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. გვიან ღამით სამართალდამცველები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შევიდნენ. პოლიციამ  რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ორგანიზაციის წევრები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობდნენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში