ქობულეთის ავტოპარკს 4 ახალი ავტობუსი შეემატა

16 ნოემბერი 2021, 19:16 2177 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება დაიწყო და 4 ერთეული ახალი ავტობუსი შეემატა.

"ისუზუს" მარკის, ლურჯი ავტობუსები, ქობულეთის ახალმა მერმა, ავტოპარკის ხელმძღვანელმა და მძღოლებმა დაათვალიერეს.

თანამედროვე სტანდარტების, ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

ქობულეთის მერის ლევან ზოიძის თქმით, ახალი ავტობუსები აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებს მოემსახურება. ერთი ერთეული კი სოფელ ჭახათის მიმართულებით იმოძრავებს.

ახალ ავტობუსებში, ჯერჯერობით თანამედროვე სტანდარტის, საბარათე გადახდის სისტემა არ მოქმედებს, თუმცა ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ხელმძღვანელის, მერაბ პაპუნაიშვილის ინფორმაციით. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ავტობუსებში თანამედროვე გადახდის საბარათე სისტემაც დამონტაჟდება.

მუნიციპალური ავტობუსის მძღოლის, ზურაბ არჯევანიშვილი თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის განახლება, საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ მომხდარა.

"50 წელია ავტობუსის მძღოლი ვარ, ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქალაქს ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები შეემატა. ძველი ავტობუსების მართვა საკმაოდ რთული იყო, ხშირად   საჭიროებდა შეკეთებას. ძველი ავტობუსებით მგზავრობისას, ადგილობრივებს და ტურისტებს გამუდმებით პრეტენზიები ჰქონდათ" - აცხადებს ზურაბ არჯევანიშვილი.

რაც შეეხება ძველ ავტობუსებს, ისინი საჭიროებისამებრ ქობულეთის სოფლებში გადანაწილდებიან.

ახალი ავტობუსების შეძენა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსფერის ფარგლებში, ბათუმის მერიამ განახორციელა, რისთვისაც 5 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო. პროექტის ფარგლებში, 40 ერთეული ავტობუსის შეძენა განხორციელდა, აქედან 36  ბათუმის ავტოპარკს გადაეცა, დანარჩენი 4 კი ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადმოეცა.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში