ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა 

22 დეკემბერი 2021, 15:45 1490 ნახვა

ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვს. უამინდობამ პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში. 

სოფელ ზენითში, ასევე ჭახათი-გეგიძეების მიმართულებით საავტომობილო გზებზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ გზა ჩაკეტა. ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

''წვიმამ გამოიწვია სტიქიური პროცესების გააქტიურება. ალამბრის და სოფელ ჭახათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოხდა კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეზღუდვა. პროცესში ჩაერთო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ამ ეტაპზე შეზღუდვა მოიხსნა. რაც შეეხება თოვლს, თოვლის საფარი უმნიშვნელოა ჯერ გაწმენდა საჭირო არ არის - აცხადებს ერეკლე კახიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსი.

ქობულეთში ქარმა ხე წააქცია, სახლებს სახურავები გადახადა და დაზიანებულია ასევე ავტომობილებიც.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ზარალს ითვლიან.

'' მერიის შესაბამისი სამსახურები გასული არიან შემთხვევის ადგილას, სწავლობენ მდგომარეობას, მოხდება ზარალის დათვლა და ყველას შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამ ეტაპისთვის სულ 15 შეტყობინებაა შემოსული. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით იყო პრობლემა კომახიძის ქუჩაზე, თუმცა დილიდან ჩართული არის შესაბამისი სამსახური და უახლოეს პერიოდში იქნება აღდგენილი.

მეწყრულ კერებთან გასულია ჯგუფი, ჯერ-ჯერობით შეფერხებები მხოლოდ ჭახათის თემში ფიქსირდება, ასევე ეტაპობრივად შემოდის შეტყობინებები სხვა სოფლებიდან, ზუსტ მონაცემებს ჯერ ვერ მოგაწვდით - ამბობს ზაზა კაიკაციშვილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში