დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 17 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა „ბუდაპეშტის“ 27 წლის მცველმა, ილია ბერიაშვილმა.
ბულგარეთის ნაკრებს საქართველო 1994 წლის შემდეგ ცხრაჯერ შეხვდა. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს სამჯერ მოუგო, ფრედ ორი მატჩი ითამაშა, ოთხი კი – წააგო. დღეს გამარჯვების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ბულგარელებთან საერთო ანგარიშს გაათანაბრებენ. ჩვენს ჯგუფში ბოლო ტურის პირველ ადგილზე 15 ქულით ესპანეთია, თურქეთს 12 ქულა აქვს და მეორეზეა, საქართველო 3 ქულით მესამეზე, ბულგარეთს კი ქულა არა აქვს და მეოთხეზეა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული გადის, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფს ითამაშებს. ბულგარეთი-საქართველოს შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.