უკრაინის დედაქალაქში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტზე კიევის უარის გამო ბერლინში გაკვირვებულები დარჩნენ

13 აპრილი 2022, 12:16 762 ნახვა

უკრაინის დედაქალაქში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტზე კიევის  უარის  გამო ბერლინში გაკვირვებულები დარჩნენ. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. „ფედერალური პრეზიდენტი მკაფიოდ და ცალსახად იკავებს პოზიციას უკრაინის მხარეზე“, -  აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.

მაღალჩინოსანმა  გაიხსენა, რომ ხელახლა არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა უკრაინის კისრიდან მარყუჟი მოეშორებინა, რადგან  მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი გაანადგუროს.

სამშაბათს ვარშავაში მყოფმა შტაინმაიერმა განაცხადა, რომ კიევის ხელმძღვანელობამ უარი უთხრა უკრაინაში ვიზიტზე. მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მას ბალტიისპირეთის კოლეგებთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა შესთავაზა. გერმანიაში უკრაინის ელჩმა  ანდრეი მელნიკმა  განაცხადა, რომ კიევი უფრო მეტად  კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტს ელოდება, ვიდრე შტაინმაიერის.  

წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი მჭიდროდ კონტაქტობდა რუს კოლეგა  სერგეი ლავროვთან და  ასევე იყო ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მხურვალე მხარდამჭერი. ერთი კვირის წინ გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არასწორი იყო.

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკვე უკრაინაში იმყოფებიან. ლიეტუვის პრეზიდენტი ინფორმაციასა და ფოტოს ტვიტერზე ავრცელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში