26 დეკ 2025
ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსური დოკუმენტი წინა წელთან შედარებით 3 მილიონითაა გაზრდილი და 33 მილიონ ლარს შეადგენს.
მომავალი წლის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სერვისების განვითარებაა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 70 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა, გაგრძელდება ძველი საცხოვრებელი სახლის მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლით შეცვლის პროგრამა, რომლისთვისაც 360 ათასი ლარია გამოყოფილი.
400 ათასი ლარია გათვალისწინებული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის. მილიონ 666 ათასი ლარი დაიხარჯება შიდა სასოფლო და საუბნო გზების განვითარებისთვის.
ბიუჯეტით გათვალისწინებულია სოფელ სირაბიძეებსა და პირველი მაისის სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები.
გაგრძელდება დაბა ქედის კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და გარემონტდება სოფელ წონიარისის კულტურის სახლი.
დოკუმენტის მიხედვით გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ქალთა მეწარმეობის განვითარება/ხელშეწყობა პროგრამა.
4 მილიონ 218 ათას 500 ლარია გათვალისწინებული სპორტის, რელიგიის, ახალგაზრდობის და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობისათვის. მომავალი წლის მერის სარეზერვო ფონდი 150 000 ლარს შეადგენს.