ენერგოაუდიტის ჩატარების წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

31 იან 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულებების ამოქმედების საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.

„შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორის დეტალური ინფორმირება იმ სამართლებრივი და პრაქტიკული მოთხოვნების თაობაზე, რომლებსაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა „ენერგოაუდიტის ჩატარების წესზე“ და მისი ამოქმედების შედეგად პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის წარმოქმნილ ვალდებულებებზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2025 წლის 31 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. ასევე ხაზი გაესვა ენერგოაუდიტის მნიშვნელობას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების, ხარჯების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

შეხვედრაზე ბიზნესის წამომადგენლებს მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტისა და აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის, აგრეთვე ბიზნეს ასოცაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.