ცვლილებები აჭარის კულტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით

18 თებ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინა.

დავით გაბაიძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება 2025 წელს განხორციელებულ რეორგანიზაციას უკავშირდება, რომლის შედეგადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება  განათლებისა და სპორტის სამინისტრო და კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა.

დავით გაბაიძის თქმით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ხორციელდება შესაბამისი ტერმინოლოგიური კორექტირება.

კერძოდ, ფორმულირება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“ იცვლება დასახელებით — „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“.

გარდა ამისა ცვლილება ეხება სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების კომპონენტსაც, სადაც უწყების ზემდგომ ორგანოდ, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო განისაზღვრება.