სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოიკითხებიან

07 მარ 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

სუს-ის ინფორმაციით, უწყება სწავლობს განცხადებების შინაარსს და დაწყებულია გამოძიება.

„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ, როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – აცხადებენ სუს-ში.