გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - სუს-ი

07 მარ 2026

გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სუს-ში, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ტელეკომპანია "იმედს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

როგორც სუს-ში ამბობენ, დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით თარგამაძეს შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გააკეთა.

მანამდე, სუს-ში განაცხადეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

 

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.