31 მარ 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა დღეს, რომელზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს. სხდომას ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა.
"ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.
სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.
ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს",- აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.