აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ახალგაზრდებს შეხვდა

03 აპრ 2026

კურორტ გოდერძიზე მიმდინარე თემატური ბანაკის „ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“ ფარგლებში, დღეს შეხვედრა გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელთან ირაკლი კიკვაძესთან.

მაუწყებლის დირექტორმა ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მედიის სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გამოწვევებსა და იმ უნარებზე, რომლებიც წარმატებული კარიერისთვის აუცილებელია.

ტელევიზიის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს მისცა პრაქტიკული რჩევები, როგორ განვითარდნენ პროფესიულად, როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე და როგორ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები მედიის სფეროში.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

თემატური ბანაკი, რომელსაც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ატარებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სფეროში არსებული ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების გაცნობას, პრაქტიკული ცოდნის მიღებას და პროფესიული უნარების განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვებიან.