03 ივნ 2026
ხულოში საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ღონისძიება სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და სოფელ ბაკოში, სერიყანაში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
დღესასწაული სოფელ ბაკოში საზეიმო კონცერტით დასრულდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, სელიმ ხიმშიაშვილმა თურქ დამპყრობლებთან ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე შესწირა. 1815 წლის 3 ივნისს მას სოფელ ბაკიბაკოში, სერიყანაში თავი მოჰკვეთეს. სწორედ ამ ადგილას წარმოთქვა მან ისტორიული სიტყვები: „მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ.“
„სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაარსდა, ხოლო პირველი ღონისძიება 2006 წლის 3 ივნისს გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.