23 ივლ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიმ ანს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
"მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სინგაპურს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის მაგალითს წარმოადგენს, რაც ქმნის ბიზნესკავშირებისა და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე. მინისტრები შეთანხმდნენ მომავალშიც გააგრძელონ პარტნიორობა დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.