ქუთაისის ახალი ტექნოლოგიური ჰაბი

08 აგვ 2026

ტექნოლოგიები, რომელთა შესახებ მხოლოდ აღარ კითხულობ - აქ მათ თავად ცდი. ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, თანამედროვე ლაბორატორიები და ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი — ეს ყველაფერი ქუთაისის ახალი ტექნოლოგიური ჰაბშია თავმოყრილი. სივრცე სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის შეიქმნა, ვისაც სურს ისწავლოს, საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადოს და იდეები რეალურ პროექტებად აქციოს.

 

ერთი შეხედვით ეს უბრალოდ თანამედროვე შენობაა, თუმცა რეალურად აქ განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ტექნოლოგიური მეწარმეობა ერთ სივრცეში იყრის თავს. ჰაბში ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში იმუშაონ, ისწავლონ და საკუთარი პროექტები განავითარონ.

ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმია, სადაც ექსპონატები მეცნიერებას თეორიით კი არა, პრაქტიკული გამოცდილებით აცნობს. აქვეა თანამედროვე ლაბორატორიები, სადაც პროგრამირების, რობოტიკის, 3D მოდელირების, STEAM-ის, ვირტუალური რეალობისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი. სწორედ ამ შესაძლებლობების გასაცნობად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მედიატური გაიმართა. მედიის წარმომადგენლებთან ერთად სივრცე პედაგოგებმა და მოსწავლეებმაც დაათვალიერეს. მათ ჰაბის ეკოსისტემა გაიცნეს და ტექნოლოგიური შესაძლებლობები თავადაც გამოსცადეს.

 

ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება TUMO ქუთაისიც, სადაც მოზარდები თანამედროვე ციფრულ პროფესიებსა და შემოქმედებით ტექნოლოგიებს უფასოდ დაეუფლებიან. ცენტრი ერთდროულად დაახლოებით 1200 მოსწავლეს მიიღებს და საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელით იმუშავებს. სივრცის პირველმა სტუმრებმა ახალი ტექნოლოგიები პრაქტიკულად გამოსცადეს. მათ შორის იყვნენ მოსწავლეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავსი გარემო არა მხოლოდ ინტერესს აჩენს, არამედ მომავალ პროფესიაზეც სხვაგვარად აფიქრებს.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მხოლოდ ახალი შენობა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც იდეას შეიძლება პირველი ფორმა მიეცეს, ცოდნა — პრაქტიკად იქცეს, ხოლო ინტერესი - მომავალ პროფესიად. სწორედ ამიტომ, მისი მთავარი ღირებულება არა ტექნოლოგიები, არამედ ადამიანები არიან, რომლებიც ამ შესაძლებლობებით ისარგებლებენ.