„კუნტიჯვრობა“ შუახევში

12 აგვ 2026

შუახევში „კუნტიჯვრობა“ აღნიშნეს. ინიციატივა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს  ეკუთვნის  და ყოველწლიურად 12 აგვისტოს , დიდგორის ბრძოლაში საქართველოს გამარჯვების სიმბოლოდ, იმართება.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ლექცია თემაზე „აჭარა და ისტორიული ტაო-კლარჯეთი“, მოეწყო ეთნოგრაფიული ნიმუშების, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. კულტურულ პროგრამაში ფოლკლორული ანსამბლი „ნაი“ მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში მარეთის ხეობაში არსებული ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს. კუნტიჯვრობის თქმულება ქალს უკავშირდება, რომელმაც მტრის შემოსევის დროს მოსახლეობა გააფრთხილა და სოფლის გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მისი ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა და დღეს ადგილობრივი ისტორიული მეხსიერების ნაწილია. ტრადიციულად ისტორიულ ადგილას, სადაც ახლა ჯვარია აღმართული, წირვა აღევლინა. სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სტუმრები დაესწრნენ.