27 აგვ 2026
ზოგადად ოპოზიციის გაერთიანება სასაცილოა, ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენჯერ შეერთდნენ, მერე კი დაიშალნენ, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ნიკა გვარამიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა დაანონსა.
ჭეიშვილის თქმით, ოპოზიციური ფლანგის წევრები ვერც გაერთიანებით და ვერც ცალ-ცალკე ყოფნით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებენ.
"ჩვენ ამას ვწინასწარვმეტყველებდით, რომ ესენი სერთო ენას ვერ ნახავდნენ იმიტომ, რომ სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანები და მსგავსი ადამიანები იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის ფლაგმანები, ყოველთვის იქნება შიდა დაპირისპირება და საერთო ენას ვერ ნახავენ. ვერც გაერთიანებით და ვერც ცალ-ცალკე ყოფნით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებენ.
ესენი არიან, ზოგადად, დისკრედიტირებული ხალხი, აქ არ არის პარტიებზე საუბარი, აქ არ არის სახელებზე საუბარი, აქ არის პიროვნებებზე საუბარი. გავარამიები, მელიები, სააკაშვილები, ჟორჟოლიანები და ზოგადად, მსგავსი ადამიანები არიან დისკრედიტირებული ადამიანები.
თქვენ კარგად იცით, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში საქართველოში და რა გაუკეთეს ქართველ ხალხს, აქედან გამომდინარე ესენი ერთად იქნებიან თუ ცალცალკე იქნებიან შედეგი იქნება ერთი", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე.