27 აგვ 2026
ჩვენ არც მაშინ გვიკვირდა რუსი ტურისტების შემოსვლა და არც დღეს გვიკვირს, ჩვეულებრივი პროცესია და არანაირ რუსეთიზაციასთან არ გვაქვს საქმე, ევროკავშირის ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტია შემოსული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის მხრიდან რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.
როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.
"მე ვერც მაშინ ვხედავდი რუსი ტურისტების შემოსვლაში პრობლემას და ვერც დღეს ვხედავ. პირიქით, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ის ციფრები, რასაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ასახელებენ, აბსოლუტურად განსხვავებული ციფრებია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებისგან.
რატომღაც წინა ხელისუფლების დროს მისაღები იყო, როცა რუსი ტურისტები შემოდიოდნენ ლარსის გამშვები პუნქტიდან, მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა და მოუწოდებდა მთელ რუსეთის ფედერაციას, რომ მაქსიმალურად მეტი რუსი ტურისტი შემოსულიყო, ეკონომიკა განვითარებულიყო და მეტი დოვლათი შექმნილიყო ქვეყანაში. დღეს მათთვის არის მიუღებელი. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი და ამას აქვს პოლიტიკური სარჩული.
თუ შეეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მათ ლიდერს და პრეზიდენტს დახვედროდა ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს, დღეს რატომ არის მიუღებელი მათთვის რუსი ტურისტის შემოსვლა და დოვლათის შემოტანა ქვეყანაში.
ჩვენ არც მაშინ გვიკვირდა რუსი ტურისტების შემოსვლა და არც დღეს გვიკვირს, ჩვეულებრივი პროცესია და არანაირ რუსეთიზაციასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს ციფრები, ევროკავშირის ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტია შემოსული, ვიდრე რუსეთიდან. აბსოლუტურად აცდენილები არიან რეალობას ქვეყნის მტრები, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ. ამას ქართველი ხალხი ხედავს და შესაბამისი რეაქცია აქვთ ამ პარტიების მიმართ არჩევნების პროცესში. ტყუილზე აგებული პოლიტიკა აქვთ თავიდან ბოლომდე", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბრიფინგზე.