ხულოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თუნუქის ფურცლებით უზრუნველყოფის პროგრამა ხორციელდება

07 ნოე 2026

ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თუნუქის ფურცლებით უზრუნველყოფის პროგრამა ხორციელდება.

მიმდინარე წელს ამოქმედებული პროგრამით, უკვე 57-მა ოჯახმა ისარგებლა. მის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 140 ათასი ლარია გათვალისწინებული.

პროგრამა იმ ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია სჭირდებათ, თუმცა შესაბამისი სამუშაოების საკუთარი ფინანსური რესურსით შესრულებას ვერ ახერხებენ. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარებისთვის გადასაცემი თუნუქის ფურცლების რაოდენობა ინდივიდუალურად, სახლის სახურავის ფართობისა და საჭირო მასალის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.

მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 19 მიზნობრივი სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა საერთო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარამდეა.

პროგრამები მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებაზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.