ხუთ ფეხბურთელს სამუდამოდ აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა - გაყიდული მატჩების საქმე

06 ივნ 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დღეს სადისიპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მატჩების მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს.  კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის კლუბის, ’’ვიტ ჯორჯიას’’ 5 ფეხბურთელს  სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო საქმიანობა. 

ეს ფეხბურთელები არიან: ჯონი შეროზია,  გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ნოდარ კიკნაველიძე და პაატა ღუდუშაური.  თავად კლუბს კი,  6 ქულა დააკლდა და 50 000 ლარით  დაჯარიმდა.

სამართალდამცველებმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი 19 მაისს დააკავეს. 

ფეხბურთელები ''დინამო'' ბათუმისა და ''ვიტ-ჯორჯიას'' მატჩის შემდეგ, პირდაპირ გასახდელებიდან აიყვანეს. 

გამოძიების ვერსიით, ორგანიზატორები ფეხბურთელებს უკავშირდებოდნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ, მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.