კონტაქტი

კონტაქტი

განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება. კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი, დასაქმება და სამოქალაქო საზოგადოება  - ეს არის სფეროები, სადაც ახალი გამოწვევები და მოლოდინებია. ჩვენ ვმუშაობთ თემებზე, რომელიც ყოველთვის აქტუალურია.

ჩვენ თქვენთან მუდმივ კონტაქტში ვართ...  ტელ: 27-43-91  27-43-92

გადაცემის არქივი

ყოველ ოთხშაბათს გადაცემაში იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზეა ორიენტირებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველომ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას ,ევროკავშირის რეგულაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში მთავარი დონორი ევროკავშირია, ხოლო ინსტრუმენტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა -ენპარდი, რომლის მესამე ფაზა იწყება. 'კონტაქტის' სტუდიის სტუმარი იყო ენპარდ-პროექტის აჭარის კომპონენტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

25 დეკ 2018

გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო ღონისძიებას „ბათუმური ეზო“ ,რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სტუდიის სტუმარი- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფო ჭანიშვილი . სატელეფონო ჩართვა - ბათუმური ეზოს რეჟისორო ოთარ ქათამაძე. „კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეტმო კი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში „ რომელიც 30 სექტემბერს გაიმართება. სატელეფონო ჩართვა-ქედის მუნიციპალიტეტის განათლების , კულტურის , სპორტის ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია

27 სექ 2018

რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებების წარმოჩენა - პოპულარიზაციას და თანამედროვე სოციუმში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფრო მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ამ პროექტის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ . ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის დირექტორი ქეთი ადეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და ბათუმში სომხური სათვისტომოს პრესმდივანი არტურ ოგანესიანი.

19 სექ 2018

ყოველ ოთხშაბათს 'კონტაქტი' სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას ეთმობა. დღევანდელი გადაცემის თემა იყო აზიური ფაროსანა, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და სწორედ მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო , რომ მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი და მართვა. გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე . ტელეფონით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე და გელა ბერიძე- დაბა ჩაქვის მკვიდრი

18 სექ 2018

ყოველ სამშაბათს "კონტაქტი'" ჯანდაცვის სფეროს ეთმობა. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში არტერიულ ჰიპერტენზიაზე ვისაუბრეთ . თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისი არტერიული წნევა ნორმას სცილდება, მაგრამ ამის შესახებ არ იცის რას აჩვენებს კვლევები, რა უნდა ვიცოდეთ არტერიულ ჰიპერტენზიაზე -ამ თემაზე ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი დალი ტრაპაიძე. დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილი დავუთმეთ თემას , რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალურია და იგი მსოფლიოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს - ეს არის სისხლში ტყვიის შემცველობა. 20 სექტემბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და საქსტატთან ერთად ქვეყნის მასშტაბით კვლევას იწყებს. როგორ წარიმართება ეს პროცესი აჭარაში -ამ თემაზე სასაუბროდ ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.

17 სექ 2018

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ერთდროულად ხორციელდება სწავლება თეატრის, კინოს, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ისიც უნდა აღინიშნოს , რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების გარკვეულმა ნაწილმა საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანი სწორედ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტზე გააკეთა და იგი საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლების პირველ ათეულში აღმოჩდა. არის თუ არა სიახლეები სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, რა ეტაპზეა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის საკითხი, ხომ არ საჭიროებს გადახედვას აკადემიური პერსონალის პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებული თემები , როგორია სამეცნიერო- კვლევით საქმიანობაში ჩართულობის მაჩვენებელი, რას აჩვენებს კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევა- -ამ და სხვა საკითხებზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ. ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია და სამეცნიერო პროექტების მართვის კოორდინატორი სოფიო თავაძე.

16 სექ 2018

წინაპრების მიერ შექმნილ ფასეულობებს ყველა დროში დაცვა , პოპულარიზაცია და განვითარება სჭირდება. სწორედ ამას ითვალისწინებს პროგრამა , რომლის განხორციელება 2019 წელსაა დაგეგმილი და რომლის საჯარო განხილვა გუშინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამართა. რა ფორმით გაგრძელდება აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი , მუზეუმ ნაკრძალების ინფრასტრუქტურაში არის თუ არა ცვლილებები მოსალოდნელი, რამდენად მოხერხდება არქეოლოგიური კვლევა-ძიების გაფართოება , პოპულარიზაციისთვის რა დამატებითი მექანიზმებია ასამოქმედებელი --- ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი გოჩა კახიძე და ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი.

13 სექ 2018

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად ბათუმის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭო შეიქმნა . საბჭოს შემადგენლობაში 11 წევრია . 10 სექტემბერს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ კახა გუჩმანიძე აირჩიეს,რომელიც პროექტის - ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში - კოორდინატორია აჭარაში; რა უფლებებითაა აღჭურვილი ბათუმის მერის სათათბირო ორგანო და როგორ აპირებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მუშაობას -ამ თემაზე გადაცემის სტუმარი იყო სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გუჩმანიძე

12 სექ 2018

2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და საშუალოვადიანი (2019-22 წწ.) სამოქმედო გეგმის განხილვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. რამდენი პროგრამა და ქვეპროგრამა განხორციელდება, , რა იქნება პრიორიტეტული, როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი, რამდენად არის გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები -ამ და სხვა საკითხებზე დღევანდელი, 12 სექტემბრის გადაცემაში სტუმართან ერთად ვისაუბრეთ. სტუდიაში იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე. ტელეფონით ჩაგვერთნენ დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე

11 სექ 2018