Sandro Besta (სანდრო ბესტავაშვილი) - ახალგაზრდა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მომღერალი

19 სექტემბერი 2022, 13:46 1486 ნახვა

Sandro Besta (სანდრო ბესტავაშვილი) - ახალგაზრდა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მომღერალი

Sandro Besta (სანდრო ბესტავაშვილი) ახალგაზრდა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მომღერალი გახლავთ. მუსიკის შესწავლით იგი ბავშვობიდან დაკავდა და როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა მუსიკოსობა, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, ოჯახის ხელშეწყობით ცოდნის გასაღრმავებლად და ახალი შემოქმედებითი ფურცლის დასაწყებად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში გაემგზავრა.
გათვალისწინებით იმ ფაქტისა, რომ მას უკვე ორი ალბომი აქვს გამოცემული, მასზე ახალბედა არ ითქმის. ეს ნამუშევრებია: 2021 წლის მარტის სადებიუტო ალბომი Time Machine და ამერიკაში გამგზავრების დღეს, ამ წლის 16 აგვისტოს გამოჩენილი Never Connected Pieces. მის მიერ, დამოუკიდებლად თუ მეგობარ მუსიკოსებთან კოლაბორაციაში შექმნილ მუსიკაში ადვილად მიაგნებთ ინდის, პოპის, ჩილ-თრიფისა თუ ლოუ ფაის კვალს. საინტერესოა, ამერიკული გამოცდილება რა მიმართულებას მისცემს Sandro Besta-ს შემოქმედებას.