ლევან სვანიძე - Dead Souls’ Vacation

07 ოქტომბერი 2023, 15:25 1309 ნახვა

ლევან სვანიძე - Dead Souls’ Vacation

ლევან სვანიძე ქართული ალტერნატიული მუსიკის მსმენელისთვის ჯგუფ წერილის (რომელიც თავიდან სახელ „ამორალს“ ატარებდა) არის ცნობილი - იგი გახლდათ ბას გიტარისტი და გია თოიძესთან ერთად ამ ჯგუფის ბირთვის ნაწილი.
მიუხედავად იმისა რომ ნაცხოვრები წლებიდან სამ ათეულზე მეტი მან მუსიკით განვლო, სოლო მუსიკალური შემოქმედებით მსმენელთან გაცნობა ლევანმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო - გასულ ზამთარს იგი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას დარჩა გამოუქვეყნებელი ელექტრონული ჟანრის მეტად ინდივიდუალური მუსიკალური შემოქმედება. ამ მუსიკის გამოცემის ლევანის აუსრულებელი სურვილი, მეგობრების მონდომებით დღეს (ამ ნამუშევრების შექმნიდან 5, 9 თუ 20 წლის შემდეგ) ასრულდა.

 ეს საქმე მუსიკოსმა და პროდიუსერმა კოტე კალანდაძემ მოიყვანა სისრულეში.
ჩვენს წინაშეა ალბომი Dead Souls’ Vacation - ასე ერქვა ლევანის ერთ-ერთ პირველ ჯგუფს, რომელიც მან ჯერ კიდევ დამწყებმა მუსიკოსმა მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა. ამავე სახელს ატარებს მის ცხოვრებაშივე შექმნილი, მისი ბოლო წლების ყოფის ამსახველი დოკუმენტურ ფილმი.