შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა

16 სექტემბერი 2022, 14:13 628 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა - ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას. ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება პარლამენტს და მის თითოეულ წევრს, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მართლზომიერების და ეფექტიანობის ზედამხედველობის მხრივ. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტს შორის, იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში