პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

26 ოქტომბერი 2022, 12:32 430 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის  ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან.

„ბრალდებულებმა თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26.320 ევრო და 6.500 აშშ დოლარი (95 723 ექვივალენტი ლარში), მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში