ხადის ხეობაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზა კეთდება

07 ნოემბერი 2022, 19:35 872 ნახვა

ქვეშეთი - კობი, განვითარების ახალი გზა. ასე არქმევენ პროექტის ორგანიზატორები საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც ხადის ხეობაში ქვეშეთიდან კობამდე უზარმაზარ პროექტს მოიცავს. მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. 2019 წელს დაწყებული პროექტი პანდემიის პერიოდში გარკვეული პერიოდით დაპაუზდა, თუმცა მშენებლობა ახლა აქტიურ ფაზაშია.

საერთაშორისო მნიშვნელობის 22,7 კმ გზა 6 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს. ერთ-ერთი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ იქნება, სიგანე კი ასევე ყველაზე ფართო, 15 მეტრი დიამეტრის. აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილს გაივლის. მისი მშენებლობისთვის სპეციალური დანადგარი უცხოეთიდან ჩამოიტანეს.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დანადგარი გვირაბის ბურღვას ისე ახერხებს, რომ სამუშაოებზე აფეთქებები არ ხდება.

გვირაბი სოფელ წკერესთან იწყება და სოფელ კობთან დასრულდება. გვირაბის მშენებლობა ამ მეთოდით უღელტეხილზე მეწყერული პროცესების დაწყების პრევენციაა. გარდა იმისა, რომ გვირაბმა უნდა შეამციროს საგზაო მოძრაობა, გვირაბი იქნება ზამთრის პირობებში უწყვეტი გადაადგილების გარანტია.

მოგეხსენებათ, შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდში, აქამდე ძველ გზაზე ქვეშეთი - გუდაური - კობის მიმართულებით მოძრაობა ძირითადად შეზღუდულია, ზამთრობით კი ჩაკეტლი. ასევე უპრეცენდენტოა, ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილი 500 მ-იანი თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის თაღი 300 მ-ის სიგრძის იქნება. ორგანიზატორების განმარტებით, ხიდის სიმაღლე და მდებარეობა აკუსტიკურადაც განსაზღვრეს და გათვალეს მანძილი დასახლებებამდე, რათა სოფლებამდე საგზაო მოძრაობის ხმაური არ აღწევდეს.

ქვეშეთი-კობის გზა მიჰყვება თეთრი არაგვის კალაპოტს 7 კმ. სიგრძის მონაკვეთზე. პროექტის ზემოქმედების ზონაში ხვდება სულ 9 სოფელი. სწორედ ეს სოფლები ზამთრის პირობებში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს. მოქალაქეებს საჭიროებების გამო სოფელ ქვეშეთში ფეხით ჩასვლა უწევთ.

რთული პირობების გამო ხეობა დაცლილია მოსახლეობისგან. დასახლებებში არ არის მაღაზია და აფთიაქი. ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდგომ, ამ გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები: თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვ. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ავტოტრანსპორტის მოძრაობამ. ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს უნდა დასრულდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში