სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გოგი წულაია ნაწილობრივ გამართლდა, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

14 ნოემბერი 2022, 15:13 212 ნახვა

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს  სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში