ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ - პრემიერი

05 დეკემბერი 2022, 14:29 431 ნახვა

ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ, მათთვის მოგების გადასახადის არსებულ სისტემას შევინარჩუნებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება. ამით მთავრობა  2024 წლიდან დამატებითი შემოსავლების მიღებას ვარაუდობს.

„ეკონომიკური საბჭოს ფორმატში გვქონდა განხილვები და მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვაცნობო საზოგადოებას, მათ შორის ბიზნესსექტორს, საბანკო სექტორს. კერძოდ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. შევდივართ პარლამენტში ინიციატივით, რომ ჩანაწერი „ესტონური მოდელის“ შესახებ გაუქმდეს. ეს უბრალოდ გაუმართლებელია, წელს ბანკების სუფთა მოგება იქნება 2 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, პარლამენტს მივმართავთ იმის თაობაზე, რომ მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა. ამით 2024 წლიდან ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა. ორი მსხვილი ბანკია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირე კორექტივები,რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში