სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს და არ ემორჩილება მკურნალობის კურსს - რატი ბრეგაძე

07 დეკემბერი 2022, 10:00 373 ნახვა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და არ მორჩილება მკურნალობის კურსს.

მისი თქმით, სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ.

„მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის, სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად, №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს.

„სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს, ეს არის მისი უფლება. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. თუმცა, ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე; ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, მათ შორის, მედიებმა იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში