საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა აქვს - პრემიერი დავოსის ფორუმზე

18 იანვარი 2024, 14:53 425 ნახვა

ბოლო სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა. წელს ჩვენ ველოდებით, რომ გვექნება ხუთ პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდა - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით - „დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში“.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად სტაბილური სიტუაციაა.

"ბოლო სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა. ახლა ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს. ორი წლის წინ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10,5 პროცენტით, 2022 წელს ასევე 10,4 პროცენტით, გასულ წელს შვიდი პროცენტით. ასევე ინფლაცია არის დაბალი. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ის ერთ პროცენტზე დაბალი იყო. წელს ველოდებით, რომ გვექნება ხუთ პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდა.  ძალიან სტაბილური ეკონომიკური სიტუაცია გვაქვს, პოლიტიკურადაც სტაბილურობაა. 

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა აშშ დოლარში გაორმაგდა. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დოლარში გაორმაგდა. 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დოლარში 4 250 დოლარი იყო, წელს კი უკვე 8 600 დოლარი იქნება.

ვაფართოებთ სავაჭრო კონტაქტებს და ურთიერთობებს. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალი იყო განსაკუთრებით დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა და მოწოდებული ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი, რომელიც ძალიან საინტერესო, მიმზიდველი, ალტერნატიული მარშრუტი იქნება.

ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ასე შემდეგ.

წელს გვინდა, დავიწყოთ ახალი პორტის მშენებლობა. ეს არის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე ვითარდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. გვსურს, დავიწყოთ ახალი აეროპორტის მშენებლობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა გზები, გზატკეცილები, წელს დასრულდება.

გასულ წელს მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინპინს. შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ პარტნიორობას სტრატეგიულ დონემდე. ამ დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესი რამდენიმე თვის წინ გაცხადებული იქნა პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ.

მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ყველა ევროპელ ლიდერს, როლებმაც მხარი დაუჭირა ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევაა, რადგან მას შემდეგ, რაც ჩვენ მთავრობაში მოვედით, ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში